მატეო კორიო
დაიბადა იტალიაში. ფორტეპიანოს სწავლა ქალაქ ბერგამოს გ. დონიცეტის სახელობის კონსერვატორიაში დაიწყო, სადაც სწავლობდა მარკო ჯოვანეტისთან. 1997 წელს, დიპლომის აღების შემდეგ სასწავლებლად გადავიდა პარიზში, სადაც თავდაპირველად სწავლობდა ემილ ნაუმოვთან, ხოლო შემდეგ ბერნარდ ჯობთან.
მან მიიღო სტიპენდია ემილ ნაუმოვთან სწავლის გასაგრძელებლად, ინდიანას უნივერსიტეტის ბლუმინგტონის მუსიკალურ სკოლაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის დროს, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ინდიანას უნივერსიტეტის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს ინსტრუქტორის ასისტენტად. 2005 წელს დაბრუნდა იტალიაში და დაინიშნა ფორტეპიანოს პროფესორად ბერგამოს სანტა ჩეჩილიას მუსიკის აკადემიაში ( S. Cecilia Music Academy). 2009 წელს აირჩიეს სანტა ალექსანდრეს მუსიკალურ ლიცეუმში (Liceo Musicale S. Alessandro) ვიცე-დეკანად, ხოლო 2012 წლიდან ასწავლის ფორტეპიანოს ბერგამოს დონიცეტის სახელობის კონსერვატორიაში.
მატეო კორიომ, როგორც პიანისტმა სოლო კონცერტები გამართა იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისისა და შეერთებული შტატების ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, სადაც ასრულებდა როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ კომპოზიციებს ფორტეპიანოსათვის. 2001 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი სოლო ჩანაწერი - ნიკოლაი მედნტერის სონატა „ტრაგიკა“, ოპ.39 „დავიწყებული მელოდიებიდან“, იოჰანეს ბრამსის სონატა ოპ.5-თან ერთად.
თანამედროვე მუსიკისადმი ინტერესმა საშუალება მისცა ყოფილიყო ნიჭიერი ახალგაზრდა კომპოზიტორების ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი; 2011 და 2012 წლებში შეასრულა ლუდოვიკო პელისის ორი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, ვალჩეას სიმფონიურ ორკესტრთან (რუმინეთი) და უკრაინის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2018 წელს შეუერთდა ბოლონიის ანსამბლს Blumine-ს, რომელიც სხვებთან ერთად Nuova Musica of Macerata (იტალია) ფესტივალზე იღებდა მონაწილეობას.
2014 წელს მარკო კორტინოვისთან ერთად დააარსა ანსამბლი Affinità Divergenti, ხოლო 2015 წელს მათ ჩაწერეს პირველი ალბომი, რომელიც ეძღვნებოდა ორღანსა და ფორტეპიანოს.
2019 წელს ჩაწერა ახალი მუსიკალური პროექტის პირველი კომპაქტ დისკი სახელწოდებით
„რადიო ბუენოს აირესი“ რომელიც ორიენტირებული იყო ლათინური ამერიკის მუსიკალურ რეპერტუარზე.